Friday, July 5, 2013

Out of Time

მე დრო არ მაქვს… ჰო… უსაქმურობისგან არ მცალია, ნუღარ მომაცდენთ, ისედაც დრო არ მაქვს. ჰო იმდენი რამე დამრჩა საოცნებოდ რომ არ მცალია, ხომ იცით ცხოვრება რა ხანმოკლეა 1… 2… 3… და უკვე ოცდახუთი წელი გავიდა… 1… 2… და 25-ჯერ აალაგეს ნაძვის ხე, 25-ჯერ მოატყუეს ბავშვები, თოვლის ბაბუით. 1… 2… და ყველაფერი შეიცვალა ირგვლივ, გუშინდელი ცელქი ყმაწვილები დღეს დაქორწინდნენ, გუშინდელი ოცნებები დღევანდელმა რეალობამ შეცვალა. დროის მდინარებამ ყველას თავისი კალაპოტი გამოუყო, ჰოდა დამაცადეთ, ნუ მაიძულებთ შემოვცურდე ამ მდინარეში, მე დროის მიღმა ვტივტივებ და ამიტომაც არ მაქვს დრო, არ მცალია. ნუ მეკითხებით რატომ არ ვმუშაობ! ნუ მეკითხებით რატომ ვცხოვრობ წარსულით! ნუ შემახსენებთ რომ ჩემი შესაძლებლობების პონტენციალი უაზროდ ცდება, ნუ შემახსენებთ რომ უნდა ვიბრძოლო, ნუ დამტუქსავთ უმოქმედობისთვის, ნიჰილიზმისთვის, ინფანტილიზმისთვის. დამაცადეთ იქნებ მართლაც დავაღწიო თავი დროს, იქნებ საკუთარ თავსაც კი გავექცე… ვინ იცის…
დამტოვეთ მარტო, ჩემს კომპიუტერთან! არ მითხრათ რომ ღამის 4 საათია, არ შემახსენოთ რომ არსებობს ძილი, რომ საჭიროა ის. დამტოვეთ ჩემს კომპიუტერთან და გაცვეთილ ოცნებებთან მარტო.
ოღონდაც ნუ დამითვლით დროს, ნუ შემეკითხებით თარიღს, ნუ მეტყვით რომ დრო ფულია. ნუ გაგაკვირვებთ ჩემი უსაფუძვლო სენტიმენტალიზმი, ნაკლად ნუ ჩამითვლით რომ ცხოვრებას ისე არ  ვერგები როგორც ჭურჭელს სითხე.
ნუ მეკითხებით რა არის ახალი. მე დროის მიღმა ვარ და აქ არც არაფერია ახალი და არც არაფერი ძველი. ნუ დამაბრალებთ პესიმიზმს და ნუ დამიწყებთ საუბარს ოპტიმიზმზე მე არც ერთი ვიცი და არც მეორე. ნუ გამიბითურებთ რომანტიკას და ნუ უწოდებთ მას არაცნობიერ ონანიზმს.
დამტოვეთ ოცნებებთან მარტო, ფოტოებთან რომლებიც ცოცხლდება ღამით, დამტოვეთ მარსზე ბროწეულების ხესთან, დამტოვეთ კოსმოსში, უცხო დედამიწაზე…
და არ ინერვიულოთ, ყველაფერი გამივლის!

Thursday, July 4, 2013

:)

ეს დღეც უშენობის დღეებს გავატანე, თითებს დაჰყვებიან სუნთქვის აკორდები, სული რომ მომეთქვა, ძალა დავატანე, არა, არ დავღლილვარ, ისევ მაგონდები ისე დამიგროვდი, ვერსად ჩაგატიე, ვიცი ამოხეთქავს მალე აგონია, ასე რომ მიყვარხარ ესეც მაპატიე, იქნებ დავიღალო..თუმცა არ მგონია.. შენს თბილ ხელისგულზე ნატვრად ვმეორდები, ბაგის კუთხეებთან ღიმილს წაგასწარი, მოდი, ამაღამაც სიზმრად გელოდები, დედა დაგაფიცე, უკვე დაგასწარი....

E. Morricone Amapola

http://www.youtube.com/watch?v=NkdDlV1M10c

Wednesday, July 3, 2013

შენ ჩემში, ჩემგან უკითხავად დაიდე ბინა

არ მითხოვია: ჩემთან მოდი! თავად მოხვედი...
თავად ინდომე ჩემი გულის დაპატრონება...
არ მითხოვია: მომიწყვიტე ციდან ვარსკვლავი...
შენ თავად გსურდა მოგერთმია მთელი ქონება.
არ მითხოვია: ვიყინები...ხელებს გამითბობ?
შენ მოინდომე გეგრძნო ჩემი ხელების სითბო...
არ მითხოვია: ჩამეხუტე და არ გამიშვა...
არ მითხოვია...და მე დღემდე არაფერს ვითხოვ...
არ მითხოვია: გამიღიმე! თავად მიღიმი,
ჯიუტი ქალის ფრთხილი კოცნა საჩუქრად მიგაქვს...
არ მითხოვია: ჩემი გულის კუნჭულში დარჩი...
შენ ჩემში, ჩემგან უკითხავად დაიდე ბინა.

ჩემში მე იქნები! !

ხელის გულზე დაგიყრი ღიმილებს...
ტუჩის კუთხეში დაგიტოვებ კოცნებს....
შევაჩერებ დროს....რათა უკვდავყო შენი სახება....
წავშლი ზღვარს რეალობასა და უტოპიას შორის...
თავს დაგადებ გულზე და ფიქრის ძაფს გავწყვეტ...
შენს გულისცემას ჩემად გავითავისებ....
ჩემი დუმილი, ყველა სიტყვაზე უფრო თბილი....ჩურჩულად დაიღვრება....
გაწითლებული მთვარე სადღაც მიიმალება.....
რა საჭიროა მთვარის შუქი, როდესაც შენი მზერა სულში მწვდება და ყოველგვარ წყვდიადს ანათებს.....
სადღაც კუთხეში, ჩვენს მიღმა...სამყარო დარჩება...
ჩემი სამყარო კი შენს თვალებში იფეთქებს ......
ისევ მოსწყდება ბაგეებს ღიმილი....
ჩემში სითბოდ ჩაიღვრები...ჩემში იმედი იქნები....
ჩემში მე იქნები! !

მოგკლავდი…

მოგკლავდი…
მაგრამ…
არა შენი სიკვდილით,
შენს სილამაზეს მოვკლავდი ჩემში
და მერე ყველაზე დახინჯებული გულით
თავიდან შეგიყვარებდი.
მეტკინე…
როგორც მოტეხილი მკლავი,
თავი რომელიღაც ფრინველი მეგონა
და შენი უმიზეზოდ მტირალი თვალების
ფანჯრიდან გადმომხტარმა მოვიტეხე.
იმდენად მარტო ვარ,
ნივთებსაც კი აღარ ვჭირდები,
არა თუ ადამიანებს და ყველაფერი
ხელიდან მივარდება:
კალამი და შენი სუნი,
იები და შენი გაბუტვა.
ვის?!
ვის გავარდნია ხელიდან
ყველაზე მართალი ღიმილი.
ყველაზე გულწრფელი და ბავშვური?
მე გამივარდა.
არა!
ალბათ ძალით დავანარცხე მიწას
და ნამსხვრევებად ვაქციე
შენი ბროლის ტუჩები,
რომ არავის შეემჩნია რა ვნებით
მიყვარდა მათი კოცნა.
მოგკლავდი…მაგრამ…
არა სიკვდილით.
სიცოცხლით მოგკლავდი,
სიცილით მოგკლავდი და მერე
შენს სულთან ერთად ვიცეკვებდი
ღამის ქუჩებში სევდიან ტანგოს
სიახლოვის მკვლელი
და შენთან ერთად დავშორდებოდი
ცაზე შეყვარებულ დედამიწას.
-მომკლავდი?
-ალბათ.

Tuesday, July 2, 2013

ხელოვნურ მიხაკებს იები მირჩევნია...

ხელოვნურ მიხაკებს იები მირჩევნია... სიხარულს ცრემლები, რომ მიწვავს თვალებს...მოგონილ სიყვარულს ლექსები მირჩევნია და ლამაზ ტყუილებს სიმართლე მწარე... გზატკეცილს უბრალო ბილიკი მირჩევნია... დიდ სუფრას ალალი ყველი და პური... ბედნიერს ბედთან მებრძოლი მირჩევნია... მდიდრის ფულს ღარიბის კეთილი გული... დიდ ტილოს ბუნების შედევრი მირჩევნია, ღიმილი დედის მკერდს მიკრული ბავშვის... უაზრო სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია, ისეთი, სულმა რომ იფრინოს ცაში ...