Monday, March 10, 2014

წვრილმანები, რომლებიც ადამიანის წარმატებას ხელს უშლის

რა თქმა უნდა, სამსახურში ადამიანს ჭკუითა და პროფესიული თვისებებით აფასებენ, მაგრამ არსებობს ათასი პატარა “აგური”, რომლითაც თქვენი იმიჯი იქმნება. ის დიდ გავლენას ახდენს თქვენ მიმართ ხელმძღვანელობის, კოლეგების დამოკიდებულებაზე და მათი განწყობის ხარისხს განსაზღვრავს.
კარგი მანერები დამახასიათებელია აღზრდილი, მოწესრიგებული, დიდი შინაგანი კულტურის მქონე პიროვნებებისთვის. ისინი უნებლიეთ ნდობას იმსახურებენ. ამიტომ ყველა ურთიერთობაში სასიამოვნო ადამიანს უფრო დიდი შანსი აქვს სამსახურებრივ კიბეზე წინ წაიწიოს, ვიდრე მას, ვისაც უაზრო ჩვევები ახასიათებს. სულელური მანერები ნევროზისკენ მიდრეკილებაზე, შინაგან მოუმწიფებლობაზე მეტყველებს, რაც ადრე თუ გვიან მუშაობაზე აისახება.
შეიძლება წარმოდგენაც არ გაქვთ, რომელ წვრილმანებზეა საუბარი, რომელთაც შეუძლიათ თქვენს წინსვლაზე გავლენა მოახდინონ. თქვენ მათ აუცილებლად გამოასწორებთ, ამისთვის კი თავზე უნდა იმუშაოთ.
ტუჩების ლოკვა
ადამიანი, რომელიც ტუჩებს ილოკავს ან იკვნეტს, არასასიამოვნო საყურებელია. ცხადია მღელვარებისგან პირი უშრება და თავს გასცემს – უნებლიეთ ტუჩებს ილოკავს. გინდათ, ყველამ გაიგოს, რომ თავშეკავებულობასთან დაკავშირებით პრობლემა გაქვთ? მაშინ, უხეირო ჩვევისგან გათავისუფლდით.
საღეჭი რეზინის ბუშტების გახეთქვა
საღეჭი რეზინის გამოყენებას მიეჩვიეთ? საქებარია. კარგია, თუ ამ გამოგონებას უყურებთ, როგორც მხოლოდ ჰიგიენურ საშუალებას, რომელიც კბილების გაწმენდასა და სუნთქვის განახლება–გაგრილებას ეხმარება და ჭამის შემდეგ მხოლოდ 15 წუთი ღეჭავთ.
თუ ასე არ იქცევით? თუ რეზინი მთელი დღე პირში გაქვთ, ტუჩებს განუწყვეტლივ აწკლაპუნებთ და დროდადრო თანამშრომლების თვალწინ ბუშტებს ბერავთ? მეტად “ესთეტიკური” სანახაობაა. შეიძლება პირში ცუდი სუნი (ჰალიტოზი) გაწუხებთ, მაგრამ მისგან გასათავისუფლებლად არსებობს სხვა, ნაკლებად “თვალსაჩინო” საშუალებები, მაგალითად, ყინულკარამელი. უმჯობესი იქნება, კუჭი გამოიკვლიოთ და კბილებზე იმკურნალოთ, რაც პირში უსუფთაო ჰაერის მთავარი მიზეზია. რეზინის ღეჭვა კი შეწყვიტეთ, ეს მოზრდილებს არ შეეფერებათ. თუ არა და, ხელმძღვანელობა შეგნებულ მუშაკად არ ჩაგთვლით და რაიმე სერიოზულს არ განდობთ.
ფრჩხილების კვნეტა
ადამიანის ცქერა, რომელიც ფრჩხილებს იკვნეტს, უკიდურესად არასასიამოვნოა, ამავდროულად, ეს არაჰიგიენურიცაა. ალბათ ამას დედაც გეუბნებოდათ, თუ ეს მავნე ჩვევა ბავშვობიდან დაგჩემდათ. თქვენს “საყვარელ” საქმეს ფსიქიატრები “აკვიატებული მდგომარეობის ნევროზს” უწოდებენ. ამით შინაგან დაძაბულობასა და მასთან გამკლავების უუნარობას ამჟღავნებთ. სამწუხაროდ, ეს მუშაკის იმიჯზე ცუდად მუშაობს (სხვათა შორის, შეგიძლიათ მწარე ფრჩხილების ლაქი შეიძინოთ, ის დაგეხმარებათ).
უწესრიგობა
სამუშაოს გონივრულად ორგანიზების ნიჭი საქმის წარმატებით დამთავრების საწინდარია. პირველ რიგში, რევიზია თავში ჩაატარეთ, შემდეგ მაგიდაზე, გარდერობში, ჩანთაში წესრიგი დაამყარეთ. მას შემდეგ, რაც ისწავლით, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოთ, შესანიშნავი საქმიანი თვისებების მქონე პიროვნებად ჩამოყალიბდებით.
მაგრამ სანიმუშო წესრიგის დამყარებაში ზედმეტი არ მოგივიდეთ. შენიშნულია: თანამშრომელს, რომლის მაგიდაზეც სტერილური სისუფთავე და ზედმეტი არაფერია, კოლეგები დამატებით საქმეს გამოუჩენენ. ბევრს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ის აბსოლუტურად არაფრითაა დაკავებული.
გარეგნობა
ახდენს თუ არა გავლენას გარეგნობა კარიერაში თქვენს წარმატებაზე? ბევრ პროფესიაში, მაგალითად, ოფისმენეჯერის, ხელმძღვანელის დამხმარის, თანამშრომლის, რომელსაც კლიენტებთან მოლაპარაკებები ევალებათ, თანამდებობაზე დანიშვნისას განსაკუთრებით აღნიშნავენ, პიროვნება როგორ გამოიყურება. ბევრ სხვა შემთხვევაში გაცილებით მნიშვნელოვანია საერთო სასიამოვნო შთაბეჭდილება: თავის დაჭერა, საუბარი, თავზე ზრუნვა (ვარცხნილობა, მაკიაჟი, მანიკიური), სტილი (ადგილისა და დროის შესატყვისად შერჩეული სამოსი).
"რა სწრაფად იყინები როცა მარტო რჩები! მაშინაც კი როცა სიცხეებია, ორი ერთად კი - არასოდეს."

/ერიხ მარია რემარკი - „ტრიუმფალური თაღი“/
“რა არის სიცოცხლე? სიცოცხლე სევდა არის ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. სიკვდილი რაღა არის? სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.” გოდერძი ჩოხელი.

Sunday, March 9, 2014

იყიდება ჩემი წილი ძილი
უხეირო ერთი ლექსის შექმნად.
გაიფანტა ჩემი სატრფოს მძივი,
თუ იპოვეთ, იქნებ ერთად შეკრათ.
წინასწარ გიხდით მადლობას!
თუ თქვენ აპირებთ დათრობას
ქართული ადათ-წესით,
სასწრაფოდ ყანწი შესვით.
ვცვლი ფერად სიზმრებს
საინტერესო ოცნებაში.
ვამზადებ: თურქებს, არაბებს,
მონღოლებს და სპარსებს ოთხ ენაში:
ქართულში,
ქართულში,
ქართულში,
ქართულში.
ვარ გამოცდილი მეზღაპრე,
შევიძენ ფანტასტიურ ამბებს
დევებზე, ჯადოქრებსა და რაინდებზე.
ვარჩენ იმედგაცრუებას,
ვხსნი დაბღვერილ წარბებს,
ვაყენებ განწყობას სასურველ ამინდებზე.
სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა სიყვარული,
წაბლისფერი თმებით, ლურჯი თვალებით,
ტანთ ეცვა უთვალავფერადი აპრილი,
ის დილით გავიდა სულის ოთახიდან
ოდნავ გულნატკენი და მზერადახრილი.
მადლობას უხდის კოჯრის ტყე ყვავილებს
დროული მოსვლისთვის.
მადლობას უხდიან მერცხლები ინდოეთს
ბულბული მგოსნისთვის.
ბაღები ღრმა მწუხარებით იუწყებიან,
რომ უდროოდ გარდაიცვალა პაემანი _
ორი წყვილის ერთად დაგვიანებით
და შადრევნის უწყლოდ დაზიანებით.
იყიდება ყველაფერი ის,
რასაც ხვდება სხივი ოქროს მზის.
შევისყიდი წელიწადის ყველა დროს,
რომ სიმშვიდემ ვერ დამღალოს ვერასდროს.
დამეკარგა ქარში ქალის თმა,
თქვენთვის მინდა ყველა ამის თქმა.
გაიხედეთ გარეთ! ისევ წვიმს
და წვეთებით სატრფოს ვუკრავ მძივს.
გადაგღალათ პრესამ? გადაკეცეთ ქუდად
ან გუბეში ჩუმად შეაცურეთ ნავი.
დღეს გაზეთის მტრედი გახდა ისე ცუდად,
რომ აპრილის ნიავს ვერ გაართვა თავი
და დაეცა მიწას, ვით ფოთოლი ხმელი,
უფერო, უსულო განცხადების მთქმელი.
სურნელი მიყვარს ასულების,
ნატვრას რომ სიზმარში გისრულებენ,
სიტყვები _ უშნოდ თავგასულები,
სიტყვებად დაშლილი სისულელე.

საათი დროიდან მიმალული,
სუფრა უსასრულო სასმისებით,
ჩემი დალუქული სინანული,
მარტის უყვავილო გასხვისებით.

მიყვარს გაფრენილი თავსაფარი _
ქარის თავსატეხი ისტორია,
ცხელი ამბორების ტანსაბანი _
ვნებაუსასრულო მისტერია.

მიყვარს სიცილისგან გადარევა,
დილა მზისსხივებამადიანი,
ღამის ღრიანცელში გატარება,
ღამე ღვინიანი, დარდიანი.

მიყვარს ხელის გაშლა დოლიანი,
ცეკვა დაუდევრად `მოხევურის~,
ჩემი ძმადნაფიცი ცოფიანი,
ბეჭებმთაგაშლილი, მოხეული.

მიყვარს ამინდები ავდრიანი,
ქუჩის ხეტიალში მობინდება,
კოცნა უეცარი, ადრიანი,
როცა თავბრუს ხვევა მომინდება.

ტანზე ფოთლები რომ დამდიან და
ქალის სახელებს რომ ბოდავენ,
მისთვის შევიქმენი დარდიანი,
მწიფე შემოდგომის მოდავე.

მანძილი

ყველაზე სულის ნაწილებს,
ყველაზე ღრმას და მიუღწევს,
ერთი სული აქვს გესცილდეს
ტანს და ვარსკვლავებს მიუწვეს.

ყველაზე ცოდვის ატანას,
ყველაზე უხმოდ ტარებას,
მე დავამარცხებ სატანას _
ძილში კოშმარულ ზმანებას.

ყველაზე უთქმელ ტრფობას და
ყველაზე ფარულ ამბორებს,
შევხვდები ტყემლის თოვასთან
ჩემი ლექსების გამგონეს.

ყველაზე თეთრი ფანტელის
ყველაზე ცივი შეხებით
წელში გამტყდარი სანთელის
ცოდვილ ვედრებას შევხვდები.

ყველაზე სევდის გაძლება,
ყველაზე ტანჯვის ლახვარი,
ცისფერ ვენებში დაძვრება
სისხლი, უგულოდ ნახმარი.

ყველაზე დედის ლოცვებმა,
ყველაზე იავნანინა,
დღეს მიმატოვა ოცნებამ
ყველაზე ჩემიანიდან.

ყველაზე ტრაგიკომედის
ყველაზე ამტან ჰისტრიონს
სჭირდება ძალა კომეტის,
რომ თქვენს სურვილებს მისდიოს.

ყველაზე დიდი ბიძგიდან,
ყველაზე გულის ნაწილი
მჭირდება დედამიწიდან
ცას გასაფრენი მანძილი.

Friday, March 7, 2014

ჩაგეკონე..



ჩაგეკონე... კონა კონა,
გაგეკვირტე ახლიდან,
გაგეფურჩქნა ჩემი კოცნა,
გაზაფხულზე, მარტიდან.

ახლა, შენი გულის წონა...
მსუბუქდება თავიდან,
სიყვარულის მე ვარ მონა,
მონატრების წამიდან.

შენმა სუნთქვამ ჩემი თოვა,
განამზევა ზღაპრიდან
და ეს გრძნობა... მღერის ორხმად,
გვირილების სახლიდან...