გათავდა, თებერვალს დაესვა წერტილი,
ქარებმა ზამთარი გამტაცეს სულიდან,
ვზივარ და დაკარგულ იმ ღამეს შევტირი,
შენს სურათს, ოთახში, ასე რომ უვლიდა,
როგორ შევეჩვიო მარტის აბდაუბდას,
გული ვერ გაუძლებს ატმის ვარდისფერებს,
ჩემი ცივი მთვარე ნეტავ სად დაუბამს,
საით დამიკარგავს, ან სად დამიბერებს.
შეჭირხლულ მინაზე ჯიუტად გხატავდი
და მთელი ზამთარი ვთბებოდი კანკალით,
უმზეოდ ჯვარცმული რამდენჯერ გავთავდი,
როგორც ცელის ფხაზე აჭრილი სამკალი.
გადავიწყებული დედის ძუძუსავით
ცივად მოალერსე მარტი მეუცხოვა,
ნუშის ჟრუანტელი ამაყი ძუსავით
ზედაც არ შემხედავს, მისთვის მე უცხო ვარ.
ვიცი,გაზაფხულმა უნდა გამარეტოს,
გული არ მიჯერებს, აღარც თავი ვარგობს,
ალბათ ჩემი ქოხი უნდა გადავკეტო,
თეთრი ყვავილების ნისლში დავიკარგო.
ნუთუ ნაზამთრალი სული იშიებდა
მთებს და ქარაფებზე გეზად გადავლებას,
რატომ მეკარგება თეთრი სიმშვიდე და
ახლა ირემივით მინდა აბღავლება.
რადროს ამოსვლაა, ჩადით ენძელებო,
ჯერ ვერ შევეჩვევი მზით გამთბარ ამინდებს,
უცებ გაზაფხული რა ვქნა მეძნელება
ცოტა შემიბრალეთ და ცოტა დამინდეთ.
კარზე აკაკუნებს მარტი ატეხილი,
ნეტავს სად იყო და საიდან დაბრუნდა,
ვზივარ გაზაფხულის შიშით დამეხილი,
აწი რა გაუძლებს მარტის აბდაუბდას.