Monday, June 2, 2014

არსად მიდიან რეალურად ადამიანები, უბრალოდ თვალს მიეფარებიან ხოლმე როგორც ბავშვობაში დამალობანას თამაშისას.როცა დგახარ სახით კედლისკენ ან თვალებზე ხელებს იფარებ.ისინი გარბიან სხვადასხვა მიმართულებით მარტო იმიტომ რომ იპოვნო და დააბრუნო, მარტო იმიტომ რომ აღმოჩენისას ორივეს გაგეცინოთ იმაზე თუ სად და როგორც იმალებოდნენ.

არსად მიდიან რეალურად ადამიანები,არვიცი რამდენად მიყვარს კოელიო,არვიცი რამდენად მახსოვს რაც კი წამიკითხავს,მაგრამ ის მახსოვს რომ ამბობდა:"ადამიანები ყოველთვის დაბრუნებით გამოწვეული სიხარულის გამო მიდიან სადმე".ხო ეს ასეა, არ შეიძლება ადგე და გულს ამოაგლიჯო ის ადგილი რომელზეც ადრე ვინმე მიიმაგრე.არ შეიძლება ადგე და როგორც მიშელ გონდრის ფილმშია, ვინმეს მიადგე რომ ამნეზია დაიმართო, რომ ყველაფერი დაივიწყო, რომ ცხოვრება შეიცვალო, რომ ყველაფერი ნოლზე დასვადა დაივიწყო.

არსად მიდიან რეალურად ადამიანები,უბრალოდ ზოგჯერ როცა ჰაერი მძიმეა და მსუყე ხდება,შენი თანაზიარი ჰაერი აღარ ყოფნით და სულ ცოტა ხნით ხელოვნური სუნთქვის მსგავსად სხვა მხარეს სჭირდებათ ბაგის მიბრუნება.როგორც ელექტროშოკი მომაკვდავ სხეულზე - სხვა ემოციები სჭირდებათ რომ გულმა მუშაობა არ შეწყვიტოს.

თუმცა მერე ისევ როგორც ჩვეული გადარჩენილი მოკვდავები ჩვეულ ყოფაში ბრუნდებიან,ჩვეულ გარემოს ითავსებენ.ჩვეული ჰაერით იწყებენ სუნთქვას.

არსად მიდიან ადამიანები და მეც უკვე ისე მყარად ვდგავარ ქარიშხალიც ვერ ამომაგდებს ფესვებიდან,შენ კი იხრები ყველა ნიავის დაქროლვაზე, იხრები მაგრამ მაინც ვიცი, არსად მიდიხარ!