Wednesday, February 26, 2014

ვიცი, რომ ვარ, თუმცა არ ვიცი როდემდე…
ვიცი, რომ სანამ ვარ, ჩემი ყოფნა ისეთი უნდა იყოს, რომ მიხაროდეს, რომ ვარ, თუმცა ხშირად არ ვიცი, როგორ უნდა მოვახერხო ეს…
ვიცი, რა მახარებს, რა მიტაცებს, თუმცა ხშირად არ ვიცი, როგორ მივიღო ეს…
ვიცი, რა მტკენს გულს და რა მთრგუნავს, თუმცა ზოგჯერ არ ვიცი, ამათი თავიდან აცილება…
ვიცი, ვინ მიყვარს და ვინ არა, თუმცა ზოგჯერ არ ვიცი, როგორ დავიტოვო მარტო ისინი, ვინც მიყვარს და როგორ ამოვძირკვო ისინი, ვინც არ მიყვარს…
ვიცი, რა მინდოდა და რა არ გამომივიდა. ახლა უკვე ისიც ვიცი, რატომ, თუმცა არ ვიცი, რატომ არ მოვიქეცი ისე, რომ გამოსულიყო, რაც მინდოდა…
ვიცი, რომ არ მომწონს ბევრი რამ, რაც არის ახლა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ არ ვიცი, როგორი უნდა იყოს, რომ მომწონდეს…
ვიცი, რომ მინდა ვიცოდე, ვინ ვინაა, მე კი მხოლოდ ის ვიცი, მე ვინ ვარ და ზოგჯერ ესეც არ ვიცი ბოლომდე…
ვიცი, რომ გაუთავებლად ვეძებ ცხოვრების აზრს, ხან მგონია, რომ ვიპოვე და ხან-არა და არ ვიცი, მოვძებნი საბოლოოდ თუ ვერა…
ვიცი, რომ ვიგონებ პატარ-პატარა სატყუარებს საკუთარი თავისთვის, თუმცა ხშირად არ ვიცი, რა მოვიგონო…და ამაზე ხშირად ის არ ვიცი, რაში მჭირდება ეს…
ვიცი, რომ არ ვარ ცუდი, ისიც ვიცი, რომ არავის არასდროს ვაზარალებ იმით, რომ ვარ, თუმცა არ ვიცი, რატომ მიჩნდება ხოლმე სურვილი ვიყო ცუდი და ისიც არ ვიცი, რატომ ვერ ვახერხებ ამას, თუმცა არა, ეს ვიცი…
ვიცი, რომ შემიძლია ვიცინო საკუთარ წარუმატებლობაზე, მწარედ, მაგრამ მაინც და არ ვიცი, ეს რომ არ შემეძლოს, რა მეშველებოდა!
ვიცი, რომ იოლად მიჩუყდება გული და მეტირება, თუმცა არ ვიცი, ასე რომ არ იყოს, უკეთესი იქნებოდა თუ არა…
ვიცი, რომ ადამიანები ვერ შეიცვლებიან, ვერც მე, ვერც სხვა და არ ვიცი, რატომ ცდილობენ ამას გამუდმებით და მონდომებით.
ვიცი, რომ ბევრი რამე ვიპოვე ამ ვიცი-არ ვიცის ჭიდილში, არ ვიცი, კიდევ აღმოვაჩენ რამეს თუ არა საკუთარ თავში, მაგრამ ვიცი, რომ ვცდი და არ გავჩერდები…
“ვიციდან” ”არ ვიცის” შორის თითქოს მხოლოდ ერთი პატარა ნაწილაკი დგას, ორად-ორი ასოსგან შემდგარი, მანძილი კი სიცოცხლისხელაა…