Wednesday, April 3, 2013

მარტის წვიმა გულუბრყვილო მე შენს ცრემლებს მაგონებს,
ვით წარსული გულში იგი ტკბილი სევდის ფერია.
თვალებს ვხუჭავ და ვიხსენებ შენს უნაზეს ამბორებს
და სიფხიზლეს დარდით თვალი ყვითლად დაუფერია.

მე არ მინდა ეს სიმკრთალე შენს წინ გადაიშალოს,
რადგან შენთან მერიდება სინატიფე სულისა.
ღმერთო შეგთხოვ წმინდა გრძნობა გულში არ დაიშალოს
და ის იყოს მიწვდომილი მიზან-დასახულისა.

მტვერი ვიყავ, მტვრისგან ვიქმენ, ვით ცოცხალი არსება
და ღვთიური ეს წყალობა ყვავის უფლის წიაღში.
ჩემი სიტყვა გულითადი ვიცი დაემსგავსება, -
როს სურნელი გაზაფხულის გაფრენილი ნიავში.

დაფრინავენ ფოთლებივით ქარის ორომ-ტრიალში
სტრიქონები ფრთებ გაშლილი ღრუბლის მსუბუქ ბაფთებში.
უფრო მეტი სიძვირფასე ამ ცხოვრება ტიალში,
არაფერი არ მაქვს მეტი გარდა ლექსის თარეშის.

სევდა, როგორც ერთი სული ჩემში გაცოცხლებულა
და ნარნარა პოეზიის ხასხას ველებს შევეხე.
სული ჩემი მისი ნახვით მეტად გაოცებულა,
ნახე ირგვლივ საამოა, შეიგრძენი, შეხედე.

გული მიცემს აღტაცებით, როს დაუწველ ცეცხლში ვარ,
აღმაფრენა მხოლოდ მხოლოდ აღმაფრენა უკვდავი!
ჰე წაიღე ჩემი ცრემლი, მე უსიტყვოდ შენი ვარ,
ამ ტაეპებს ნორჩი კვირტი შენგან უკვე უყვავის...

მარტის წვიმა, - პოეზია, - მე შენს ცრემლებს მაგონებს
და წარსული ახლა ჩვენი მარტო სევდის ფერია.
თვალებს ვხუჭავ და ვიხსენებ შენს უნაზეს ამბორებს
და ეს გრძნობა აწ ნაგრძნობი წმინდა ზეციერია.